კიდევ ერთი კარავლი საქართველოს პარლამენტთან, რომელიც თელავიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა გაშალეს - ისინი "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაპატიმრებას აპროტესტებენ და მმართველ გუნდს ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
აქტივისტები ღამის გათევას და პარლამენტთან დარჩენას აპირებენ.
"დღეს გადმოვიტანეთ თელავის საპროტესტო კარავი თბილისში და ვუერთდებით ცენტრალურ აქციას. ,,რუსულ ოცნებასთან” ბრძოლა გადავიდა გადამწყვეტ ფაზაში იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი იჭერს ოპოზიციის ლიდერებს ყველანაირი ბრუტალური მეთოდებით. ახლა არის ერთიანობის დრო და ყველას მინდა ვთხოვო ერთი დღე კარავში გამოცადონ საკუთარი თავი დევნილებად.
ჩვენ ვაპირებთ აქ ყოფნას გამარჯვებამდე რომელიც ჩვენთვის იქნება ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ჩვენ არ გვსურს რადიკალური მეთოდები და ვართ მშვიდობიანი პროტესტის მომხრეები. ზუგდიდი და ქუთაისი უკვე აქ არის და ჩემი ინფორმაციით, ბათუმიც მალე შემოგვიერთდება”, - განაცხადა რამაზ აივაზაშვილმა.
ცნობისთვის, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა კარავი უკვე გაშალეს. ახლა კი, ბათუმიდან ჩამოსულ აქტივისტებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






