„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, რაც პირველ რიგშიპოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს გულისხმობს.
„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით, დიალოგი უნდა იყოს შინაარსიანი, შედეგზე ორიენტირებული და არა დიალოგი დიალოგისთვის, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩაიწეროს ქულა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ ოპოზიციას ელაპარაკება. პრინციპულია ის მართლა ქარიშხალი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვიდა. ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება და ამ მოთხოვნებზე მზად ვართ ვისაუბროთ. ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პატიმრების გათავისუფლება, პირველ რიგში, ნიკა მელიას და ამავდროულად, ვადამდელი არჩევნები. ეს არის ორი მთავრი თემა. ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან და პოლიტიკური დევნაა, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება, დანარჩენ საკითხებზე, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, საუბარი არ იქნება. ის, რაც გააკეთეს, უსამართლო და სამარცხვინო იყო“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება დღეს გამართულ აუდიენციას, ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ კოლეგებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:
„შეთანხმდით, რომ აქციები და პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დიახ, პროტესტი იქნება ნამდვილად უწყვეტი. პერიოდულად იქნება პროტესტი, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში მანამ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ჩვენი ყველა გეგმა ორიენტირებული იქნება იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და პოლიტიკური სტაბილურობოისთვის, მაგრამ ბუნებრივია, არ გვინდა ყალბი მოლოდინები შევქმნათ, ვინაიდან აქციები არის აბსოლუტურად მშვიდობინი და კონსტიტუციურ ჩარჩოებში“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






