ქართველი მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ კოლეგებსა და საქართველოს მეგობრებს მიმართავენ და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - ისინი "ენმ"-ს თავმჯდომარი, ნიკა მელიას, დაკავების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.
მათი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა.
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.
ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "პენ ცენტრისა" და "საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის" სახელით გაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






