აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება თვეების განმავლობაში გაგრძელდება, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება გართულდება. მისი შეფასებით, არსებული კონფლიქტი ყველაზე მეტად რუსეთს უწყობს ხელს:
"ვაშინგტონის ყურადღება მიიქცია გაერთიანებულმა ოპოზიციამ. თუ ოპოზიცია მშვიდობიანად და პასუხისმგებლობით გააგრძელებს მოქცევას, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ამ ეტაპზე ამერიკის საელჩოს განცხადება არის მხოლოდ გაფრთხილება, თუ შემდგომში არაფერი არ მოხდა, თუ არ იქნება ძალადობა, არ იქნება ძალადობრივი პროტესტი და ძალადობრივი პასუხი მთავრობის მხრიდან, თუ ამის ნაცვლად საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციაში თუ მთავრობაში გაიაზრებს, რამდენად სერიოზული მომენტია, რამდენად საშიშია საქართველოს დემოკრატიისთვის, მაშინ ამას არ ექნება უარყოფითი გავლენა საქართველოს ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე. მაგრამ თუ ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, თუ დაპირისპირება ოპოზიციასა და მთავრობას შორის გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ეს გაცილებით გაართულებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირება. ახლა საქართველოს დემოკრატია შეფერხებას ვხედავთ.
ნებისმიერ დროს როდესაც დემოკრატიის შესუსტება ხდება საქართველოში, როდესაც არის მაღალი დონის დაძაბულობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ერთადერთი გამარჯვებული არის რუსეთი და ეს ასე ხდება ახლაც. მაგრამ თუ ოპოზიცია შეძლებს შეინარჩუნოს თვითკონტროლი, იქნება გაერთიანებული, ძლიერი და მთავრობაზე ზეწოლას მოახდენს, აშშ-ს მხარდაჭერასთან ერთად და ევროპის მხარდაჭერასთან ერთად შედეგი იქნება ძალიან პოზიტიური. არ ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა ელოდოს, რომ აშშ იქნება მედიატორი. ეს არ არის 2007-2008 წელი, როცა ასეთი რაღაცები ხდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ახალია, ჯერ პოლიტიკა არ აქვს შემუშავებული და ელოდება, რომ თვითონ ქართული მხარე, ოპოზიცია იქნება თუ მთავრობა, ქვეყანას მართავენ გარე მხარდაჭერის გარეშე. ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვის, რომ მიმართოს პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენმა მთავრობამ გადადგა ნაბიჯი უკან დემოკრატიის გზაზე, მხარი დაგვიჭირეთ, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი, ჩვენ დემოკრატიულ უფლებებს მშვიდობიანად გამოვიყენებთ და ისეთივე მხარდაჭერა იქნება ალბათ როგორც 2007-2008 წლებში.
ოპოზიციასთან დაპირისპირების გზა და შესაძლო ძალადობის გამოყენება, ეს არის წაგების გზა. ეს მხოლოდ საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ნატოს მისწრაფებებს და გაანადგურებს ქვეყნის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსი.
ახალი არჩევნები ნამდვილად იქნებოდა გზა, რომ არჩევნების სამართლიანობაზე ნებისმიერი ეჭვები გაქარწყლებულიყო. ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრ ანდრიუს კუბილიუსს ჰქონდა ძალიან კარგი იდეა, ადრეული არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ან ადრეული არჩევნები ან გაგრძელებული კონფლიქტი. არც ოპოზიციას და არც მთავრობას არ სჭირდება გაგრძელებული კონფლიქტი. ერთადერთი გამარჯვებული გაგრძელებული კონფლიქტისა არის რუსეთი... იმის თქმა მინდა, რომ საქართველო არ უნდა ელოდებოდეს, რომ ვიღაც გარედან გადაწყვეტს რა არის შემდეგი ნაბიჯი. ოპოზიცია უნდა იყოს გაერთიანებული და ნათელი ხედვა უნდა ჰქონდეს წინ მიმავალ გზაზე და მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე.
კიდევ ერთი რასაც ვეტყოდი, 2012 წლის არჩევნებზე ძალიან კარგი რაც იყო, დღევანდელმა ოპოზიციამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, დაუშვა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. არჩევნებს არ უწოდებდნენ არათავისუფალს ან უსამართლოს, და პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობის დროს მოხდა მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების. საქართველოს ისტორიაში ეს იყო ერთადერთი მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების. ეს დემოკრატიულად ჯერ კიდევ არ მომხდარა ბევრ ქვეყანაში და ამ უდიდესი მონაპოვარის დაკარგვა ოპოზიციაზე მკაცრი თავდასხმით იქნება ლაქა საქართველოს ისტორიაში. ეს არ უნდა მოხდეს" - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
მასალის გამოყენების პირობები






