განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი დილით ენმ-ს ოფისის შტურმით აღებასა და ნიკა მელიას ძალის გამოყენებით დაკავებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში ნათქვამია, რომ უამრავი მოწოდების მიუხედავად, რომელიც ვითარების დეესკალაციისკენ იყო მიმართული, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ის, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა, ამიტომ, საჭიროა, კრიზისის განმუხტვის მიზნით, ეფექტიანი გამოსავალი მოიძებნოს:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციასა და ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავების ფაქტს.
ბოლო პერიოდში, ქართული სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები დაჟინებით მოვუწოდებდით დაპირისპირებულ მხარეებს, ეპოვათ გზები არსებული ვითარების განმუხტვისა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ. სამწუხაროდ აღნიშნული მოწოდებები გათვალისწინებული არ იქნა. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომლის ჩამოყალიბებისკენ საქართველო მიისწრაფის, კრიზისების გადალახვა მოითხოვს არაძალადობრივ პოლიტიკურ გარემოს და პოლიტიკურ აქტორებს შორის კონსენსუსის მიღწევას.
ამ მხრივ, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, დაეკავებინა ოპოზიციის ლიდერი, კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკურ აქტორებს შორის არსებული უთანხმოება და საფრთხე შეუქმნა მათ შორის შეთანხმების მიღწევის პროცესს. ვფიქრობთ, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო და ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა, რომ ასეთი ნაბიჯი არსებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევდა.
პოლიტიკური სტაბილურობისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს სწრაფი, ეფექტიანი გამოსავალი და ფასილიტატორების მეშვეობით პროცესები დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს, რათა არ მოხდეს საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






