ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში მყოფი ადამიანები არიან გაფრთხილებულები პროვოკაციის შესახებ.
როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, თუ პარტიის ოფისში შენიშნავენ პოლიციის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ისინი ავტომატურად პროვოკატორებად ჩაითვლებიან.
უდუმაშვილი ამბობს, რომ თუ ენმ-ის ოფისში სპეცრაზმი მაინც შევა, ადგილზე მყოფები მათ ხელაწეულები დახვდებიან.
"გუშინაც აღმოვაჩინეთ საეჭვო პირები, რომლებიც განვარიდეთ აქედან. ყველა ადამიანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი გაფრთხილებული გვყავს, რომ თუ დაიწყება შტურმი და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აგრესიულად იქნებიან განწყობილი პოლიციელების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ეს არის პროვოკატორი და ის ჩვენი ძალებითვე უნდა გავანეიტრალოთ, რომ არ მოხდეს შეტაკების პროვოცირება.
ბევრს მეკითხებიან თუ რა არის ჩვენი გეგმა თუ სპეცრაზმელები შემოვლენ. ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი - ჩვენ ვხდებით ხელაწეულები, მომღიმარები სპეცდანიშნულების რაზმს, და უბრალოდ ვიცავთ თავს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ეს იქნება ჩვენი დახვედრა, თუ შემოვა აქ სპეცრაზმი. იმედი მაქვს, რომ გონიერება გადაძალავს იმ სიძულვილს, რომელიც დღეს პარლამეტში გვესმოდა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






