აღსრულდება თუ არა ნიკა მელიას განჩინება და როდის აპირებს ხელისუფლება ამ საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას - ამ კითხვებზე ოცნების გუნდის წევრებს ჯერ პასუხი არ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, განჩინება აუცილებლად აღსრულდება და არც ერთ ორგანოს მისი გადადების უფლება არ აქვს:
"როდესაც განჩინება გამოდის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება იწყება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ, კონკრეტულ დროის მონაკვეთში უნდა მოხდეს. ის უნდა აღსრულდეს და უფლება არ აქვს არც ერთ ორგანოს ეს აღსრულება გადადოს", - განაცხადა ოხანაშვილმა.
"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ბერაია ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიზირებული არაა და მის მოსალოდნელ დაკავებაზე პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ განაცხადს:
"მე რატომ მეკითხებით ამას, მე სამართალდამცავი ვარ?! არ არის ეს პროცესი პოლიტიზირებული და შესაბამისად პოლიტიკოსებს ნიკა მელიას დაკავების შესახებ არ უნდა კითხოთ. ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გააკეთა შესაბამისი განცხადება", - განაცხადა ბერაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






