„ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის რიტორიკა არ იცვლება - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრემიერობის პირველი ასი დღის განმავლობაში, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში წესრიგის დამყარება იქნება .
საპარლამენტო ტრიბუნიდან ღარიბაშვილმა "ჯანსაღ" ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა. მისივე თქმით, აბსოლიტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ "ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა" არ შემოდის პარლამენტში.
„მე მინდა მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ივანიშვილის ასისტენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან „რიგი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება“ დააანონსა.
ღარიბაშვილმა „დესტრუქციული ოპოზიცია“ რამდენჯერმე ახსენა და ოპონენტები სახელმწიფოს და სხვადასხვა ინსტიტუტის საწინააღმდეგო ქმედებებში ღიად დაადანაშაულა .
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს საარჩევნო კოდექსის გარკვეული დეტალები:
„ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები. ნათქვამი არის, რომ მრავალჯერ გამეორებული სიცრუე ხდება ხანდახან სიმართლე, მაგრამ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. ვინც თვლის, რომ ხალხს ეს კი არა, სხვა ინტერესები აქვს, მათ მოვუწოდებთ, რომ ღია და საჯარო დებატებში მოიპოვოს მხარდაჭერა“- დასძინა მან.
ღარიბაშვილმა ოპოზიციის "ჯანსაღ" ნაწილს დიალოგი შესთავაზა, თუმცა აღნიშნა, რომ აქ "რადიკალურ ფრთას" არ გულისხმობს.
"თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფათ ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ასეთი შრომისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები და ჩვენი გუნდი მიესალმება, მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






