შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იმ პრიორიტეტულ ნაბიჯენზე ისაუბრა, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში გადაიდგმება. მისი განცხადებით, მოწინავე ადგილზეა ნარკოტიკების გამსაღებლებთან და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა:
„ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას.
სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






