პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას არ შეცვალა რიტორიკა და თებერვლის პოლიტიკურად სუსხიანი დღეები 100 წლის წინანდელ მძიმე პერიოდს შეადარა, რომელიც ქვეყანაშ არსებობდა. მისი განცხადებით, მაშინდელის მსგავსად, ქვეყანაში ახლაც არიან სახელმწიფოებრიობის მტრები და ეროვნული იდეის მოღალატეები.
როგორც ჩანს, ღარიბაშვილი ძალიან მოტივირებულია და განახლებული ენთუზიაზმით ცდილობს თავი დაიმკივდროს, როგორც ძლიერი და პრინციპული პრემიერი, რომელიც ჯერ მოსულა პოსტზე. თუმცა, თამამი გზავნილების ფონზე, ის თავს არიდებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებას და მხოლოდ იმ განცხადებით შემოიფარგლება, რომელიც პარლამენტის საზეიმო სხდომაზე წარმოთქვა:
“შეუძლებელია ვილაპარაკოთ 21 თებერვლის დღესასწაულზე და 25 თებერვლის კატასტროფა არ გავიხსენოთ. 100 წლის წინ კონსტიტუციის მიღება პრაქტიკულად ქვემეხების ქვეშ, იმ შტურმის ფონზე მოხდა, რომელიც ისევ ქართველებისვე წინამძღოლობით შემოჭრილმა უცხო ძალამ - წითელმა არმიამ განახორციელა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ეს შემოჭრა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებით, მისი ოკუპაციით და ფაქტობრივი ანექსიით დასრულდა. თებერვლის ეს სუსხიანი დღეები საუკუნის წინანდელ წარსულს გვახსენებს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა მტრები, ჩვენი დიდი ეროვნული იდეის მოღალატეები, ქართველი ბოლშევიკები საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიას შემოუძღვნენ და გაანადგურეს ყველაფერი ის, რაც გარანტირებული იყო რამდენიმე დღით ადრე მიღებული პირველი ქართული კონსტიტუციით. მინდა ფრანგული სიტყვა “დეჟა ვიუ“ ვიხმარო, რაც უკვე ნანახს ნიშნავს. როდესაც ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომელთაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ. გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. ნანახი გვაქვს რეპრესიები 100 წლის წინ და ათი წლის წინაც. ჩვენ გვაქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა მაშინაც და არც თუ ისე შორეულ წარსულში. უკვე ორგზის გვაქვს ნანახი პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქება, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრეაცია და თავისუფალი აზრის ცენზურა. ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები. ჩვენ უკვე ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება. ეს დღესაც გრძელდება! საქართველოს არც შიდა და არც გარე მტრის ტიპოლოგი არ ეცვლება, მაგრამ იცვლება ქართული სახელმწიფო. 2012 წლის შემდეგ, ცხრა წელი გავიდა და დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მყარი ფუნდამენტით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით, კონსოლიდირებული დემოკრატიითა და მომავლის მკაფიო ხედვით შევხვდებით ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ გამოწვევას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






