"განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მიმდინარეობისას მშვიდობიან მანიფესტატორთა დაკავების ფაქტი" - ასე ეხმაურება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და სპეციალური განცხადებას ავრცელებს.
GDI სამართალდამცველებს მოუწოდებს ორგანოებს შეწყვიტონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევა.
"განსაკუთრებით საგანგაშოა აქციის მიმდინარეობისას მშვიდობიან მანიფესტატორთა დაკავების ფაქტი. ვრცელდება ასევე ინფორმაცია დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ცალსახად აძლევს უფლებას ყველა ადამიანს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ და გამოხატონ პროტესტი, მათ შორის კარვის გაშლის გზით, თუკი ეს არ აფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას. შესაბამისად, პოლიციელთა ქმედება უკანონოა და იგი მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის შეზღუდვას.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავი უწყებები არ აძლევენ აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლებას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება წლებია უხეშად ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად იყენებს" ნათქვამია GDI - ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს პოლიციამ აქციის 20 მონაწილე დააკავა. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე - არსებული ინფორმაციით, დაკავების დროს პოლიციამ მასზე ფიზიკურადაც იძალადა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა. დაკავებულები არიან "ლელოს" წევრებიც.
მასალის გამოყენების პირობები






