პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული აქტივისტები და "ლელოს" 5 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შსს-ს დატოვებისას აქტივისტები აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველივე დღეს აამოქმედა რეპრესიული მანქანა და განსხვავებული აზრის დევნა დაიწყო.
როგორც "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა ისინი სიმართლის ლაპარაკისთვის დააკავეს.
"ჩვენ დაგვაკავეს იმისათვის, რომ ძალიან ეშინიათ, რომ სადმე, სადაც ისმის სიმართლე, განსაკუთრებით, ტრაგიკომიკური ვითარების მიმართ, რომელიც დღეს არსებობს. ეს სიმართლე ძალიან ბასრად ხვდება ამ სისტემას და არაფრის გამო არ დაგვაკავეს ფაქტობრივად. ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანების დაწინაურება, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს, მშვიდად არ შევეგუებით. ეს არის ამ სისტემის პანიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია, ჩვენ არ გვეშინია ამის. ეს არის იმის ნათელი გამოხატულება, რომ ძალიან ახლოს არის ამ ძალიან ცუდი სისტემის დასასრული და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მშვიდობიანად", - განაცხადა ბუაძემ
ცნობისთვის, პარლამენტთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა და ისინი წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 25 პირია დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






