"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა , ეხმაურება გიორგი გახარიას წასვლას და აცხადებს, რომ "ცოტა გაუგებარი და გულასწყვეტია" , თუმცა არ მალავს , რომ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან მიმართებაში.
ზარქუა გახარიას მადლობას უხდის და ამბობს, რომ "გამორჩეული და ღირსეული პრემიერი იყო".
"მინდა, პირადად მე, მადლობა ვუთხრა გახარიას - ის იყო გამორჩეული და ღირსეული პრემიერი. მან ძალიან ბევრ გამოწვევას ღირსეულად გაართვა თავი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკეთესი სახელმწიფო გვქონოდა. პირადად ჩემთვის, ისევე როგორც უმრავლესობის წევრებისთვის, ცოტა გაუგებარი იყო და გული დაგვწყვიტა. ის, რომ სამართლიანობა და სამართალი უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, ყველა ვთანხმდებით. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან მიმართებაში", - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თანამდებობას დატოვა - როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები






