შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციის ლიდერებსა და ნიკა მელიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ ხელი არ შეუშალონ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. უწყება აფრთხილებს მათ, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში ისინი დაისჯებიან კანონის შესაბამისად:
"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ენმ-ს ოფისთან პოლიცია მივიდა. ისინი შენობაში შესვლასა და ნიკა მელიას ნახვას იხოვდნენ, რისი საშუალებაც იქ მყოფმა პირებმა არ მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები






