"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ივანიშვილია ამ საქმის გადაწყვეტაში ჩართული.
მისივე თქმით, მელიას დაპატიმრება იქნება ძალიან ცინიკური პასუხი მთლიანად "გავრილოვის ღამეზე".
"ეს არ არის ის საქმე, სადაც გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში მოსამართლეს გამოაქვს, ეს არის საქმე, რომელიც მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობისაა. შესაბამისად, პირადად ბიძინა ივანიშვილი არის ამ საქმის გადაწყვეტაში ჩართული. ამ საქმეზე თუ გამოვა პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება, ეს იქნება ბოლომდე გამწვავება ისედაც ჩიხთან მისული პოლიტიკური კრიზისის. ეს იქნება პოლიტიკური ველის ბოლომდე პოლარიზაცია და ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება ზოგადად, ქვეყნის სტაბილურობა. ამიტომ, ვიმედოვნებ, ამ ძალიან სახიფათო და უგუნურ ნაბიჯზე ხელისუფლება არ წავა. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საქმე არის „გავრილოვის ღამის“ საქმე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მათ ჩამოიყვანეს ოკუპანტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დასვეს. შემდგომ მათ გამოიყენეს სრულიად არაპროპორციული ძალა, რომელიც თვალების დათხრით დამთავრდა, ამაზე არავის პასუხი არ უგია. ამ დროს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება იქნება ძალიან ცინიკური პასუხი მთლიანად „გავრილოვის ღამეზე“,-განაცხადა კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






