"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც მელიას მხარდასაჭერად ენმ-ს ცენტრალურ ოფისში იმყოფება, ხელისუფლებას მიმართავს, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თავადაც გადაჰყვება და ქვეყანაში არსებულ სიტუაციასაც უფრო გაამწვავებს. მისი შეფასებით, არ შეიძლება ამ მდგომარეობაში ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნა დაუშვებელია:
„მე დღესაც მოვედი აქ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად და თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ აქ ჩემთან ერთად, დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება და ძალიან გაამწვავებს ამით ქვეყანაში ვითარებას. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და ყველას მოვუწოდო - ახლა არის ვითარება, როდესაც არ შეიძლება ნეიტრალური იყო, ან უნდა იყო „ქართული ოცნების“ მხარეს, ან უნდა იყო ოპოზიციის მხარეს და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე ან რომელიმე კონკრეტულ ლიდერზე, თუმცა თავად ნიკას ფიგურა, რომელსაც ნამდვილად არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას ძალიან გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის არ დავაჩაგვრინოთ.
მე მაინტერესებს როგორ აპირებენ, ამ ოფისში შემოვარდნას. ჩვენ ხომ ოფისს არ დავტოვებთ, ჩვენ ხომ ნიკა მელიას ასე მძევლად არ ავაყვანინებთ ამ ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთეს მელაშვილის და ილიჩოვას შემთხვევაში. არ არის ნიკა მელია დამნაშავე, თორემ დამნაშავე, რომ იყოს და დანაშაული რომ ჰქონდეს ჩადენილი, ჩვენ ასე ხმამაღლა არ ვილაპარაკებდით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მისი პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა დააყენა.
მასალის გამოყენების პირობები






