თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაზე მსჯელობა დაიწყო. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები კი პატიომრობის მოთხოვნის უსაფუძვკლობას ამტკიცებენ.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გვექნება ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არის ნიკა მელიას მიმართ შეუძლებელი არათუ პატიმრობის, არამედ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძვლებით არანაირი რისკები არ არსებობს, არ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაული ჩადენის ან მტკიცებულებათა განადგურების რისკი. ამ ფონზე, თუნდაც ფორმალური, გირაოზე გირაოს თანხის არგადახდის შემთხვევაში, სასამართლო ნამდვილად მოკლებულია შესაძლებლობას, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას შეუფარდოს პატიმრობა",- თქვა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, თუკი სასამართლო დღეს დარჩება სამართლებრივ სივრცეში და თუკი დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება კიდევ ერთი აშკარა მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური დაკვეთის განხორციელების, მაშინ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში დასტურდება არა ის, რომ ნიკა მელია არის კანონთან წინააღმდეგობაში, არამედ ის, რომ კანონი ნიკა მელიასთან მიმართებით განიმარტება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მინდა დავიჯერო, რომ სასამართლო დღეს მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე და არ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი... ფაქტობრივად, შეუძლებელია, მოსამართლემ დაასაბუთოს, რატომ უნდა დააპატიმრონ მელია, აღკვეთის ღონისძიების რომელ მიზნებს ექმნება რისკი. ეს არ არის სახეზე", დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






