ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ტემპერატურა იზრდება.
დიპლომატმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ შიშობს, დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკური დიალოგისკენ დაბრუნების შესაძლებლობას გაართულებს და უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაცია ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას "ფეთქებადს" ხდის.
"მე მინდა ყურადღება გავამახვილო ორ რამეზე, სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობასა და პოლარიზაციაზე. ეს ორი ფაქტორი ერთად ხდება ფეთქებადი. ამას პრობლემად ვხედავ საქართველოსთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის.
მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები, რამდენადაც შეუძლიათ, რომ კიდევ უფრო არ გაამწვავონ სიტუაცია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ინსტიტუციების შენება. ამისთვის, საჭიროა ამბიციური საარჩევნო რეფორმა და სასამართლო სისტემა. ეს არის, რასაც ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და მე ადვოკატირებას ვუწევ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეიცვალოს ახლანდელი მდგომარეობა", - განაცხადა ჰარცელმა.
მასალის გამოყენების პირობები






