ქართული ოცნება სახალხო დამცველს ოპოზიციიის "ადვოკატობას" აბრალებს.
სოზარ სუბარმა ლომჯარიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება სწორედ ასე აღიქვა. მისი შეფასებით, სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვით უნდა იყოს დაკავებული და კონკრეტული პარტიის ადვოკატი არ უნდა იყოს.
"სახალხო დამცველი ჩემი გაგებით და მგონი, არ ვცდები ამაში ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის ქურუმი უნდა იყოს და არა კონკრეტული პარტიის ადვოკატი. არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის მანდატთან ის მოწოდება, რაც მან გააკეთა, რადგან, როცა ადამიანი არღვევს კანონს, პარლამენტი ვალდებულია ხელი შეუწყოს სამართლიანობას მის აღდგენაში. სამართლიანობა და სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს სახალხო დამცველის მანდატის მთავარი მახასიათებლები და არა ადვოკატირება ცალკეული პირებისა თუ პარტიების" - აცხადებს სუბარი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ სახალხო დამცველს არ აქვს კომპეტენცია პარლამენტს უკარნახოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ოხანაშვილი ამბობს, რომ არც იმის ვალდებულება აქვთ, რომ ომბუდსმენის მოწოდება გაითვალისწინონ.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით თანხმობა არ გასცეს. ნინო ლომჯარია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.
მასალის გამოყენების პირობები






