ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს. ეს მაშინ როცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ენმ-ს თავმჯდომარის საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, სწორედ ამ სხდომაზე სურდათ ადვოკატებს დასწრებს.
"ეს არის სრულიად უკანონო აქტი, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ როგორც ადვოკატებს, მოქალაქეებსაც კომიტეტებზე დასწრების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადვოკატების დასწრება სავალდებულოც კია, მხარე ხომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ვის აზრსაც მოისმენს. კი, გასაგებია, რომ წინასწარ გადაწყვიტეს პროკურატურის მიმართვამდე, რომ მელიას მოუხსნიან იმუნიტეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იციან, სასამართლომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ რაღაც ფორმალური წესები ხომ არსებობს?! უბრალოდ არ მესმის, რა შიშებია, როდესაც არ ეძლევათ ადვოკატებს შესაძლებლობა, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დასვან, ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რისი საშუალებაც გარანტირებულია კანონმდებლობით და ვალდებულებაც კია", - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
გიორგი კონდახაშვილი კი ამბობს, რომ იურდიული საკომიტეტო მოსმენა ფორმალურია, თუმცა "ოცნება" უხერხულ კითხვებს თავს არიდებს.
"სრული უფლება გვაქვს დავესწროთ სხდომაზე და დავსვათ ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. მთავარი შეკითხვა არის, რა არის საფუძველი, რის გამოც გამოიყენებენ, ნიკა მელიას დაპატიმრებას. ამისთვის აუცილებელია იყოს მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულების განადგურება. მომზადებულ კითხვებს ახლა ჟურნალისტებს გადმოგცემთ. ავითარებენ ნარატივს, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა, რაც არის სიცრუე",- აღნიშნა კონდახაშვილმა.
პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






