"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე , დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, ვერ დააკავებს.
პოლიტიკოსის შეფასებით , მელიას დაკავება უკანონობა იქნება და ამასთან ერთად, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.
"იქნება სამართლებრივი პროცედურები, ეს რაღაც იწილო-ბიწილო, რომელშიც ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია საკუთარი თავი შეიყვანა და გამოსავალს ვეღარ პოულობენ, ისეთი ნაბიჯები გადადგეს, იძულებული არიან, გააგრძელონ და წინ წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას დასაკავებლად მათ არ ეყოფათ პოლიტიკური სიმამაცე და ეყოფათ ელემენტარული გონიერება, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავება იქნება უკანონობა, ამას ექნება ძალიან მძიმე საერთაშორისო ფასი და ძალიან მძიმე ფასი ქვეყნის შიგნით", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.
მასალის გამოყენების პირობები






