იგი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესა და პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ილია მეორის მდივან-რეფერენტი, შორენა შეთრუაშვილი "სამიზნედ ჰყავდათ".
სოსო გოგაშვილის ვერსიით, მათ შორენა თეთრუაშვილის ციხეში გაშვება "პატრიარქის მკვლელის იარლიყით" სურდათ, ამისთვის კი, მისივე თქმით, პატრიარქისთვის განკუთვნილ საჭმელზე, რომელიც მისთვის თეთრუაშვილს უნდა შეეტანა, ციანიდის მოყრა გადაწყვიტეს.
"შორენა თეთრუაშვილი მათ სამიზნედ ჰყავდათ და არა მარტო შორენა თეთრუაშვილი - მეუფეები, ქორეპისკოპოსები, რომლებიც მათ უშლიდნენ ხელს. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა საპატრიარქოში. შემდეგ ამ ჯგუფმა მოქმედებები დაიწყო შორენას და მეუფეების წინააღმდეგ. მათ ჰქონდათ შექმნილი მითები, თითქოს შორენა იდგა რაღაც პედესტალზე და მითითებებს აძლევდა მეუფეებს - ასე არ არის". - ყვება გოგაშვილი.
გოგაშვილის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ სუს-ისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. მისივე თქმით, მამალაძემ "მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება" პირველად 2016 წელს, მოსკოვში სცადა.
"როდესაც პატრიარქი მოსკოვში მიბრძანდებოდა, იქაური პატრიარქის მიწვევით - 2016 წლის შემოდგომა იყო, თუ არ ვცდები. მაშინ ბათუმში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იყო ჩამოსული, რომელსაც მამალაძე შეხვდა და განცალკევებით მოიხელთა - დაუწყო ლაპარაკი, რომ სჭირდებოდა ისეთი კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც რუსეთში ერთი ქალბატონის განეიტრალებაში დაეხმარებოდნენ. ამ განეიტრალებაში რას გულისხმობდა, არ ვიცით. მას [ბიზნესმენს] შეეშინდა, იფიქრა, რომ მომიგზავნეს და საქმეს მიკერავენო და მეორე დღესვე გაფრინდა რუსეთში.
ეს ციანიდი, რომელიც მამალაძემ შეიძინა, თუ საზღვარზე გაივლიდა და ის არ შეატყობინებდა პროკურატურას, ეს საქმე არ იქნებოდა აღძრული, ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ჰელიოსის კლინიკაში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში კამერების თანდასწრებით და ეტყოდნენ, რა მიგაქვსო? ეს ეტყოდა, რომ საჭმელი შეჰქონდა პატრიარქთან.
დაიდგმებოდა სცენები, გამოიძახებდნენ დაცვას, ეტყოდნენ, რა განზრახვა ჰქონდა ამ ადამიანს. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია, ჩაერთვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვრებს გარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ "პატრიარქის მკვლელ" შორენა თეთრუაშვილს. შორენა თეთრუაშვილი წავიდოდა ციხეში პატრიარქის მკვლელის იარლიყით, ისინი გახდებოდნენ გმირები, რომ პატრიარქი გადაარჩინეს - გმირები ჩამოდიან, პატრიარქი დაიცვეს, მოაშორეს მეუფეების მბრძანებელი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები". - ყვება სოსო გოგაშვილი საკუთარ ვერსიას ციანიდის საქმეზე.
გოგაშვილი აცხადებს, რომ მანამდე მას პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ პატრიარქოს მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ტერორისტებს იფარავდა და ის უნდა დაეკავებინათ. გოგაშვილი ამბობს, რომ ოხანაშვილს აუხსნა, თეთრუაშვილის წინააღმდეგ "საქმის შეკერვა" არ შეიძლებოდა ის უდანაშაულო იყო.
"მითხრა ასეთი რაღაც - მაქვს ინფორმაცია, რომ შორენა იფარავდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, ჩვენ უნდა აღგვეძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიგვეცა შორენა თეთრუაშვილი. ამას დაჟინებით ითხოვდა. მე მას ავუხსენი, რომ ასეთი მარტივი არ არის..." - ამბობს გოგაშვილი.
გოგაშვილის თქმით, საქმე ეხებოდათ ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მისივე თქმით, ამ ორმა ადამიანმა, გვარად ზორლუჯანმა და ნაზლიგულმა, ქვეყანა დატოვა და აქ თავშესაფრის მიღებას ცდილობდნენ.
"თურქეთში უკვე წარმოება მიდიოდა ამ ორგანიზაციაზე და მის წევრებზე. საზღვარი ოფიციალურად ჰქონდათ გადმოკვეთილი და რადგან თურქეთმა ნახა, რომ საქართველოში იყვნენ, პროკურატურას გადმოუგზავნეს ოფიციალური მოთხოვნა ექსტრადირებასთან დაკავშრებით. პროკურატურა დღე-დღეზე ამზადებდა მათ გადაცემას და კონტროლის ქვეშ იყვნენ". - ამბობს გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, ზორლუჯანი და ნაზლიგული საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ სახლში ცხოვრობდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მათ შესახებ ინფორმაცია შორენა თეთრუაშვილს ვერ ექნებოდა.
"შორენას სთხოვეს, რომ ცოტა ხნით გაჩერდებიანო. არავინ არ იცოდა, არც პროკურატურამ იმ დროისთვის, თორემ საზღვარზე გვეყოლებოდა დაკავებული. რაღაც პერიოდის შემდეგ დოკუმენტაცია მიიღო პროკურატურამ, უკვე ცხოვრობდნენ ამ სახლში. მოიძიეს, ნახეს საცხოვრებელი, დაადგინეს და გადასაცემად ამზადებდნენ. საპატრიარქოს კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ გაიგებდნენ... ეს იყო ერთ-ერთი ბინა ვაკეში.
მე მას ავუხსენი, რომ არ შეიძლება, შევკეროთ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტზე და დავიჭიროთ, მაშინ, როდესაც ის არის უდანაშაულო, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ შეიძლებოდა, ჰქონოდათ". - განაცხადა გოგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






