სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს შეეძლებათ, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.
"სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას", - განაცხადა დგებუაძემ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
"მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე", - განაცხადა დგებუაძემ.
რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
საკლასო ოთახებში სწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება 15 თებერვლიდან აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები






