სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადებით, ქობულეთში 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემა უმწვავესი პრობლემების წინაშეა. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.
"ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში არ ხდება სოციალური მუშობის შესახებ კანონის დროულად და ეფექტიანად აღსრულება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სოციალური დაცვს სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლის სოციალური მუშაკის ინსტიტუტს და დაიცავდა არასრულწლოვნებს ძალადობისა თუ სხვა რისკებისგან", ვკითხულობთ განცადებაში.
კერძოდ, სოცმუშაკთა გაერთიანების განცხადებაში აღნიშნულია:
- ამ დრომდე არ არსებობს გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ სოციალურ მუშაკს არ გააჩნია კრიზისულ სიტუაციაში სამოქმედო გაიდლაინი და არ ჰყავს სატრანსპორტო საშუალება გადასაადგილებლად;
- ამ დრომდე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დასაქმებულია 50-ით ნაკლები სოციალური მუშაკი, მიუხედავად კანონის მითითებისა, რაც იწვევს ერთ სოციალურ მუშაკზე საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობას, რაც საშუალოდ გულისხმობს თვეში 100-დან 200 შემთხვევაზე მუშაობას.
ამასთან, მათი განცხადებით, სისტემაში არსებობს ფსიქოლოგის კადრის დეფიციტი. როგორც ისინი ამბობენ, ბენეფიციარებს ხშირად რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე უწევთ მომსახურების მიღების ლოდინი. გარდა ამისა, სოცმუშაკთა გაერთიანება აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სექსუალურ ძალადობებზე დროული და ადეკვატური რეაგირებაც.
მასალის გამოყენების პირობები






