საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობასა და შედეგად მის თვითმკვლელობას ტვ ფორმულას ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ძალადობის მსხვერპლი პირები გაწირა, რადგან, როგორც წესი, მათთან სოციალური მუშაკი მუშაობს, თუმცა, ჩვენს რეალობაში სოციალურ მუშაკს დახმარების პროგრამა არ გააჩნია, რაც ძალადობის მსხვერპლთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სიმონიშვილი ასევე სამართალდამცველების მხრიდან უყურადღებობასა და არაკვალიფიციურობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა პრობლემასთან ერთად, პოლიციამ გამოძიება არასწორი მუხლით დაიწყო:
"დღეს სოციალურ მუშაკს არ გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები, არ არსებობს დახმარების პროგრამები, რომელსაც სოციალური მუშაკი შესთავაზებს ძალადობის მსხვერპლს. ჩვენ მივიღეთ ბავშვთა ქცევის კოდექსი და იქ არის გათვალისწინებული, რომ მთავრობას ეს უნდა მიეღო გასული წლის მარტისთვის, მაგრამ სახელმწიფოს ეს პროგრამა არ შეუმუშავებია. ეს ყველაფერი დაბრალდა კოვიდ 19-ს. არ შეიძლება, ვირუსის არსებობამ გაამართლოს ქვეყანაში ბავშვთა პროგრამების არარსებობა.
ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ინფორმაციის არსებობისა, პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია. საერთოდ არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება - 140-ე მუხლით, რომელიც არასრულწლოვნის თანხმობით სქესობრივ აქტს გულისხმობს. თან როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას აქვს ადგილი, რომელმაც შეიძლება განსაკუთრებით დიდი ტრავმა მიაყენოს ბავშვს, ასეთი მოძალადის ბავშვისგან მოუშორებლობა, სერიოზული პრობლემაა. პოლიციას უნდა დაეკავებინა ის და გარეთ თავისუფლად ყოფნის შესაძლებლობა არ უნდა ქონოდა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ერთერთი პრევენცია, რომ სუიციდი აგვერიდებინა თავიდან", - აცხადებს სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქობულეთში 13 წლის მოზარდი 23 წლის მამაკაცმა გააუპატიურა. ექპერტიზის ჩატარების შედეგად, პასუხები დიდი ხნის განმავლობაში არ მოსულა, რის გაომც მოზარდმა ემოციურ ფონზე თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები






