სამოქალაქო მოძრაობა "სოცაფეთქება" ფეისბუკში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძილისთვის გადადგმული ნაბიჯების ხარვეზებთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას და სწორი მეთოდების შერჩევისკენ მოუწოდებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის შეზღუდვები, რაც აქამდე იყო დაწესებული, ქვეყნის ეკნომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ამძიმებს, რაც პანდემიაზე არანაკლებ დამანგრეველია:
"საზოგადოებაში შეზღუდვების საწინააღმდეგო მოძრაობამ და პარტიული ინტერესებისაგან დამოუკიდებელი მოქალაქეების პროტესტმა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც „სოცაფეთქება“, უდიდესი როლი ითამაშა რეგულაციების შემსუბუქებაში, რაც ტრანსპორტის აღდგენით და გარე სარესტორნო სივრცეების გახსნით გამოიხატა. მთავრობის მიერ დაანონსებულია სკოლების ნორმალურ სამუშაო რეჟიმში დაბრუნებაც.
პროტესტის ფარგლებში საზოგადოება მოითხოვდა შეზღუდვების შემცირებას ან სრულად გაუქმებას, თუმცა, ეს არ გულისხმობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას. საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალდა და გამოხატავდა პროტესტს გაუაზრებელი შეზღუდვების წინააღმდეგ, მიაჩნია, რომ სამთავრობო გუნდი ვერ მართავს პროცესებს ადექვატურად და თებერვლის თვეში შეზღუდვების შემცირება, რიგი რეკომენდაციების გარეშე, იქნება უფრო მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საწინდარი. შესაბამისად, ვთხოვთ მთავრობას შეასრულოს ნაკისრი პასუხისმგებლობა და დაიცვას ის რეკომენდაციები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის უმთავრეს ინსტრუმენტებად მოიაზრება და ამავდროულად არ გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს, იგულისხმება: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერები.
ტრანსპორტის აღდგენის პარალელურად, შესამჩნევია პიკის საათში მოზღვავებული ადამიანების ნაკადი, რაც პანდემიის გავრცელების პირდაპირი ხელშემწყობი ფაქტორია. ჩვენი აზრით, კომენდანტის საათი არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების კონცენტრაციის უპრეცენდენტო ზრდის და აუცილებლად უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით.
საზოგადოებისათვის კვლავაც ბუნდოვანია ხელისფლების სამომავლო გეგმები, პანდემიასთან გასამკლავებლად, რეალურად არის თუ არა მზად პანდემიის შემდეგი ტალღისათვის და რა კეთდება ამ მიმართულებით. ბუნდოვანია ინფიცირების ინდექსის დათვლის მეთოდიკა და რეგულაციების რა ცვლილებებს უკავშირდება ინდექსის ესა თუ ის ნიშნული. გაურკვეველი მოლოდინები კი, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება ბიზნეს სექტორისა და, ზოგადად, ეკონომიკის ნეგატიურ განვითარებას. შესაბამისად, საზოგადოების სახელით მოვითხოვთ მთავრობისაგან, შემუშავდეს და გასაჯაროვდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ბიზნესსექტორებისა და ინსტიტუციების გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ჯანდაცვის სექტორის მომზადების მიმართულებით პანდემიის შემდეგი ეტაპის გასამკლავებლად. გაუმჭირვალეა მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლა ფინანსური კუთხითაც და მოვითხოვთ დეტალურად გასაჯაროვდეს ხელისუფლების მიერ გაწეული ხარჯები.
საზოგადოებისთვის კვლავაც გაუგებარია, რის საფუძველზე არ გაიხსნა სამთო კურორტები. სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებას არ მიუღია არც ერთი ლოგიკური არგუმენტი გუდაურის, მესტიის, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა კურორტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
ჩვენი აზრით, პანდემიას არ უნდა ვებრძოლოთ ჩვენი მომავლის და ეკონომიკის განადგურების ხარჯზე. მთავრობის მოვალეობაა ყველა სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით სწორად დაგეგმოს პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები. შესაბამისად, ბიზნესის, ეკონომიკის და საზოგადოების გადასარჩენად კვლავ მოვითხოვთ, მოიხსნას არარაციონალური შეზღუდვები და მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლას მისცეს უფრო გააზრებული და რაციონალური ხასიათი" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






