"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, არხის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, ჟურნალისტს უარი უთხრეს პარლამნტში შესვლასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე , რაც მისივე თქმით, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა.
გვარამია, მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს , რომ შეწყვიტოს დისკრიმინაცია.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენი არხის ჟურნალისტს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე.
მარიამ გეგუჩაძე არის ჟურნალისტი და ის მუშაობს გადაცემაზე "თქვენი ხმა”. მას გადაცემისთვის ესაჭიროებოდა პარლამენტში შესვლა ოთხშაბათს, 10 თებერვალს, რათა ხუთშაბათის 11 თებერვლის გადაცემისთვის ჩაეწერა ინტერვიუები დევნილების თემაზე.
პანდემიის პირობების გათვალისწინებითაც, არხის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარლამენტის პრესსამსახურს, პარლამენტში “მთავარი არხის” გადამღები სხვა ჯგუფის დროებით გამოყვანა და „თქვენი ხმის“ ჟურნალისტის შეშვება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მხრიდან იყო უარყოფითი პასუხი დისკრიმინაციული მოტივით - მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმის გამო.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მან არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და შეწყვიტოს მისი დისკრიმინაცია" , - აცხადებს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






