პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და ის თვითმმართველობის არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, იოსელიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის:
„ეს ცვლილებები გულისხმობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. ეს რეფორმა გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ახალი თავმჯდომარე მგონი ყველა ვხვდებით, რომ თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება და გამოინახება ამის გაკეთების შესაძლებლობა. მათ შორის, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია ეს და არის მთლიანად ოპოზიციასთან ერთად შედგენილი“, - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.
მასალის გამოყენების პირობები






