ბათუმში გამართულ დაუმორჩილებლობის აქციაზე სამართალდამცველებს და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპისიპირებას 11 ადამიანის დაკავება მოჰყვა.
აღნიშნულ ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება - ენმ-ს წევრი, ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათი უპირველესი მოთხოვნაა, დატოვოს თანამდებობა აჭარის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა, რომელიც , მისივე თქმით, გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით.
"აჭარის პოლიციის დეპარტამენტი თავს უფლებას აძლევს და აქციის მონაწილეებს არბევს სასტიკად... ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, დატოვოს თანამდებობა აჭარის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით... დაკავებული მანდილოსანი პოლიციის განყოფილებაში როცა მიიყვანეს, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს", - აცხადებს ბონდო თედორაძე.
დაპირისპირების დეტალებს დაზარალებულებიც იხსენებენ - ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, რომ მასზე იძალადეს ფიზიკურად და სიტყვიერად.
"როდესაც პოლიციის ეზოში გადამიყვანეს, ჩემზე სიტყვიერად იძალადეს და შემდეგ ფიზიკურად - ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა, ყელში წამწვდა და მახრჩობდა. როდესაც გაიგეს, რომ ამერიკის მოქალაქე ვარ, მითხრეს, რომ გამიშვებდნენ და გამიშვეს. დავრეკე საკონსულოში და ვაპირებ საჩივარის შეტანას", - ამბობს ქეთი გოგოლაური.
"უბრალოდ ვიღებდი ლაივს... ჭედიშვილმა წამართვა ტელეფონი და იაგო დავითაძემ შემაგინა, მიწოდა უზრდელი, შემდეგ დამაკავეს. ძალის გადამეტებაც არ ჰქვია ამას", - ამბობს ხათუნა ბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






