სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების საკითხსა და ოპოზიციის შეფასებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკური ზეწოლა არაფერ შუაშია. მისი შეფასებით, მელიას დაუმორჩლებლობა ოპოზიციის სირცხვილია:
“ოპოზიცია უკვე ისეთ ტრივიალურ საკითხებზე, მაგალითად, როცა პატრული აჩერებს ოპოზიციონერს წითელ შუქზე გავლისთვის, ამასაც პოლიტიკურ ზეწოლას ეძახის, ამიტომ ჩემთვის ეს განცხადებები არის ცარიელი განცხადებები.
როცა საქართველოში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი, რადგან კანონმორჩილება არის მთავარი, რაც ქმნის სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩემთვის ეს განცხადება არა ვაჟკაცობის გამოვლინებაა, არამედ არის კანონის უპატივცემულობა, რომელიც თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს,"- განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელია სასამართლოს მიერ დაწესებული გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარა. საქმე ეხება 31 არჩევნების მომდევნო დღეს გამართულ აქციაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის მოხსნას, რომლის გამოც სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მელიამ კი დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან ის ყველას წინაშე მართალია და უსამართლობასთან ბრძოლა უწევს, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს.
მასალის გამოყენების პირობები






