ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, იმისათვის, რომ პროკურატურამ ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრება შეძლოს, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმე თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებული იყო:
"4 საათზე ნიკა მელია პროკურატურაში უნდა გამოცხადებულიყო. აღნიშნული გირაოს თემა იყო თავიდანვე არალეგიტიმური და გირაოზე ზემოდან დამატებული 40.000 ლარი ასევე იყო უკანონო და არალეგიტიმური, თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ნიკა მელიას მიმართ საქმე თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული.
გენერალურმა პროკურატურამ უნდა აღძრას შუამდგომლობა პარლამენტთან, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, უნდა გაიმართოს მოსმენა, დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც იმ ფონზე, რომ ნიკა მელია, ორი თვეა, უფლებამოსილების შეწყვეტას იხვეწება, საკმაოდ ირონიულ გადაწყვეტილებად გამოჩნდება. რას გააკეთებენ, არავინ იცის, მაგრამ სამართლებრივი პროცედურები ასეთია", - განაცხადა კონდახაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელია სასამართლოს მიერ დაწესებული გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარა. საქმე ეხება 31 არჩევნების მომდევნო დღეს გამართულ აქციაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის მოხსნას, რომლის გამოც სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






