#cancelThea ასე ქვია პეტიციას, რომელიც თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ შეიქმნა. "თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობა პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე, საშიში ტენდენციად მიგვაჩნია", - აცხადებენ პეტიციის შემქმნელები.
პეტიციის ავტორების აზრით, სამინისტროს, მართალია, გამოცდილი მენეჯერი უნდა მართავდეს, მაგრამ მინისტრი ასევე კარგად უნდა იცნობდეს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროს.
"მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ გვაძლევს. ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა...
"ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვას, მისი ღირებულებები, საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ. მეტიც, არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი არ გვჯეროდეს კულუარებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც წინასწარ გვამცნობს სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებული პროფესიონალების პოლიტიკური ნიშნით შესაძლებელ დათხოვნას. არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ, ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით", - წერია პეტიციის ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები






