პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს ინტერესები ეწირება. მისი განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორების სურვილის გათვალისწინებით, მოლაპარაკებებს სივრცე უნდა დაეთმოს:
„ძალიან ცუდი ფაქტის მომსწრენი ვართ ისტორიის ამ ეტაპზე, როცა ეს საკითხი, რასაც ჰქვია პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირების თემები, არის ექსპორტირებული პოლიტიკურ ველზე საბრძოლველად, მაგრამ რეალურად ამ ბრძოლას ეწირება საქართველოს ინტერესები, მისი სტაბილურობის ინტერესები, იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხებზე პარლამენტში იყოს დავა და კამათი. სწორედ ამის თაობაზე ილაპარაკა აშშ- ის ელჩმა. იგივეს ამბობს ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი მისი ელჩის მეშვეობით. არ მინდა ვიყო პესიმისტური განცხადებების ავტორი ამ თემასთან დაკავშირებით, იმდენად დიდია საზოგადოების დაინტერესება იმით, რომ დესტაბილიზაციას არ ჰქონდეს ადგილი და კამათი პარლამენტის ფორმატში გრძელდებოდეს, იმდენად დიდია ინტერესი ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების, რომ მე ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა დადებითად შეაფასა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს კარგი შანსია მოლაპარაკებებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






