სკანდალი განათლების სისტემაში - ჩხოროწყუში საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშოები დაალაგებინეს. აღნიშნული საკითხი რეზონანსული გახდა, რასაც პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ შემაშფოთებელი უწოდა და მომხდარი ფაქტის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
სოციალურ ქსელში ასევე რიგი ადამიანებისა საუბრობს იმაზე, რომ ბავშვებისთის "შრომის სწავლებაში" ცუდი არაფერია.
"მორალური თვალსაზრისით ამაზრზენი და სამართლებრივად უკანონო" - ასე შეაფასა "ნიუპოსტთან" არასრულწლოვნებთან დაკავშირებული ფაქტი განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
„ის, რაც საზოგადოებამ იხილა, არის ამაზრზენი როგორც მორალური თვალსაზრისით, ასევე არაკანონიერი იურიდიული თვალსაზრისით, არავის აქვს უფლება ვინმემ არასრულწლოვნები წაიყვანოს და მშობლების ნებართვის გარეშე ამუშაოს.
ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც ცდილობენ გაამართლონ ის, რაც მოხდა, რაც ასევე არის ამაზრზენი.
პირველი – ეს ფაქტი იურიდიული თვალსაზრისით არის კანონდარღვევა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.
რაც შეეხება მორალურ მხარეს – ის „ექსპერტები“, რომლებიც ცდილობენ ამ ფაქტის გამართლებას, აპელირებენ იმით, რომ ნებისმიერი შრომა არის კარგი და ძალიან კარგია, რომ ბავშვებმა იშრომეს. აქ საქმე გვაქვს ფაქტების უტრირებასთან. რა თქმა უნდა შრომა კარგია, თუმცა, საუბარია მეშვიდე კლასელ ბავშვებზე, რომლებიც მშობლების ნებართვის გარეშე წაიყვანეს და ახეხინეს საპირფარეშოები მერიის შენობაში. მაშინ, როცა თვეების მანძილზე კარანტინში გვამყოფებენ და ასობით ათასი ადამიანი უმუშევარია, ამ რაიონში ყველას დაავიწყდა კორონას არსებობა. ბავშვებს ახეხინებენ ტუალეტებს აღჭურვილობის გარეშე, რომლებმაც არ იციან როგორ დაიცვან ასეთ პირობებში თავი.
აქ არაფერი საერთო არ გვაქვს შრომის მიჩვევასთან. ბავშვმა თუ სურვილი გამოთქვა შეიძლება მისცე საკლასო ოთახის დალაგების უფლება და არა მერიის შენობაში, ჩინოვნიკების საპირფარეშო ახეხინო“, – ამბობს შაშკინი.
მისივე განცხადებით, კონკრეტულად იმ საქმისთვის, რაც სკოლის მოსწავლეებს გააკეთებინეს, ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხებია გამოყოფილი. მომხდარი კი იმას ნიშნავს, რომ თანხები მოპარულია:
„ამ საპირფარეშოების დალაგებისთვის არის გამოყოფილი ფული, რომელსაც ეს ჩინოვნიკები ჭამენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოყოფილი თანხა მოიპარეს და ბავშვები ამუშავეს კანონდარღვევით დამლაგებლებად“, – ამბობს განათლების ყოფილი მინისტრი.
მისივე განცხადებით, მომხდარში დამნაშავე მხოლოდ მასწავლებელი ვერ იქნება, რადგან ის დირექტორის დავალების გარეშე ვერ იმოქმედებდა და არასრულწლოვნებს მშობლების ნებართვის გარეშე ჩინოვნიკების საპირფარეშოების დასალაგებლად ვერ წაიყვანდა:
„მესამე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გვესმოდეს. ახლა არის მცდელობა, მხოლოდ მასწავლებელს შეაწმინდონ ხელი. ამ ზღაპრებს თავი დაანებონ! მასწავლებელს დაავალეს თავის თავზე აეღო. სკოლის დირექტორის, რესურსცენტრის ხელმძღვანელობის, საკრებულოს ხელმძღვანელობის გარეშე ეს არ მოხდებოდა. მასწავლებელს სავარაუდოდ დაავალეს სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, რომლებსაც თავისმხრეივ საკრებულოს ხელმძღვანელობამ დაავალა და ასე შესრულდა.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში, ნებისმიერ სფეროსა და სისტემაში მოშლილია როგორც იურიდიული საკითხები, ასევე მორალური საკითხები.
საბჭოთა კავშირში ბავშვებს იყენებდნენ უფასო მუშა ხელად, მაგრამ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ პატარა ბავშვებისთვის ჩინოვნიკების ტუალეტების დალაგება დაევალებინათ. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ არის გახრწნილი მთლიანად სახელმწიფო აპარატი.
დამლაგებლის ფული მოიპარეს, ბავშვები მონურად ამუშავეს და ახლა გამოიყვანეს ავანსცენაზე ვითომ ექსპერტები, რომლებიც ამ ყველაფერს ამართლებენ. თავიანთი შვილები დაგზავნონ მერიის ტუალეტების სახეხად!“, – აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






