"ქართული ოცნების" წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, მელაშვილის გუშინდელი კომენტარებიდან დარწმუნდა, რომ ის დანაშაულს შეგნებულად ჩადიოდა. "დღის კურიერში" საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მელაშვილის აღიარებით, საქართველოს ძირძველი ტერიტორია მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სხვა ქვეყანას გადასცა:
"გულწრფელად გეტყვით, სანამ გუშინ ივერი მელაშვილს მოვუსმენდი მეგონა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ბრძანებების შემსრულებელი იყო, მართალია, მელაშვილს დანაშაული ჩადენილი ქონდა, მაგრამ იყო მსხვერპლი. წუხელ დავრწმუნდი, რომ ის შეგნებულად ჩადიოდა იმ სავარაუდო დანაშაულს, რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი. რაც მან ილაპარაკა წუხელის, არის გამაოგნებელი და გაოგნებული ვარ. თუმდაც იმისთვის ღირდა ამ ადამიანის დროებით გარეთ გამოშვება, დროებით ვამბობ სასამართლოს დასრულებამდე, რომ წუხელ მისი პირით გაკეთებული აღიარება მოგვესმინა", - აცხადებს სუბარი.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილმა ტვ პირველის გუშინდელ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებ, ეტაპობრივად მიყვები საკითხს და უცებ საკითხის აჟიტირება, ამით საქმეს აფუჭებ:
"წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება. არიქა სადღაც რაღაც გვაქვს და არიქა, ჩვენია. კი არ ეუბნები, რომ მოდი ვიმსჯელოთ, არა, ჩვენია და გინდა თუ არა... ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკებისას რაღაცა ეტაპიდან მიყვები და თანხმდები, როდესაც ხაზს უსვამ და ამბობ, რომ ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. არ არის სწორი, არ დაგითმობს არასდროს. ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას", - განაცხადა მელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






