შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, ნომერ პირველი ტერორისტი, ბადრი ესებუა, საქართველოშია და მას "ქვეყანა ნამდვილად არ დაუტოვებია".
გომელაურმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად მუშაობენ და გამოძიება მიმდინარეობს.
"რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის ნამდვილად, ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ხაზი მინდა გავუსვა, ყველაზე მეტად ვისაც გვინდა ეს ადამიანი დავაკავოთ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროა. ყველაფერს ვაკეთებთ", - თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ შსს ბადრი ესებუას 3 თვეა ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.
აქვე, 12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს ირწმუნება, რომ ის ძმას უნდა შეხვედროდა, თუმაცა ოჯახი უარყოფს. ბიძინა ესებუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






