საქართველოს ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე , ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ულოცავს.
ელჩი იმედოვნებს, რომ კარტოგრაფებისთვის წაყენებული ბრალდება, რომელსაც, მისი შეფასებით, არცერთი გარემოება არ ამყარებს, გამამართლებელი განაჩენით დასრულდება.
გიგიაძე თვლის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მითუმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!", - წერს ელჩი.
გიგიაძემ კარტოგრაფებს მხარი მათი დაკავების დროსაც გამოუცხადა, როდესაც დაწერა, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდული იყო.
ცნობისთვის, კარტოგრაფებისთვის მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდაწყვეტილებით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა 20-20 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალათ და სასამართლო დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






