ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობენ, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე ისაუბრა.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, რუსეთმა მის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია ადამიანის უფლებები, სიცოცხლის უფლება, თავისუფალი გადაადგილების უფლება, პირადი ქონების ხელშეუხებლობის უფლება და ეს ევროპარლამენტმაც ნათლად განაცხადა, შესაბამისად, ვიდრე რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მთავარი პრინციპის უგულვებელყოფა ხდება, ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების სასარგებლოდ საფუძველი არ არსებობს:
„რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საუბრისას, ნება მიბოძეთ, გავიხსენო ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ. სასამართლომ დააკისრა პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო კანონის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, 2008 რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების შემდგომ პერიოდში.
მოდი დავსვათ კითხვა, შეიცვალა რამე 2008 წლიდან? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას? ხედავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას? ან სრულდება კი ევროსაბჭოს რეკომენდაციები? რა თქმა უნდა, პასუხი ყველა ამ კითხვაზე არის არა. სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იგივეა. გრძელდება ქართველების დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლების დარღვევა, დარღვევა, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიას.
ვიდრე საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს მთავარი პრინციპის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონის ფუნდამენტური ნორმების ასეთ უგულებელყოფასთან რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების სასარგებლოდ ხმის მიცემის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ,“- განაცხადა კუჭავამ.
მასალის გამოყენების პირობები






