დეკანოზი თადეოზის შოკისმომგვრელ ქადაგებას საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელი ილია ჭიღლაძე ეხმაურება.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ საზოგადოებას ყველა მსგავსი მიუღებელი მქადაგებლის ვინაობა ეცოდინება, რადგან მათი რაოდენობა დღეს ბევრია.
მისი თქმით, დეკანოზ თადეოზის ქადაგებაზე გამოწვეული აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა, ერი უფრო მომთხოვნი გახდა და ეს სამღვდელოებაზეც დადებითად უნდა აისახოს.
როგორც დეკანოზმა ჭიღლაძემ გადაცემაში "კომენტარი" განაცხადა, თადეოზის ქადაგება სასულიერო პირისთვის შეუფერებელი იყო და მისი მეტყველების ფორმა მიუღებელი.
"ამბიონზე მდგომ მოძღვარს ძალიან დიდი სიფრთხილე ევალება. მით უმეტეს, როდესაც ეს იწერება და ვრცელდება, პასუხისმგებლობა ათმაგდება. თუმცა, მეორეს მხრივ, ძალიან კარგია, რომ იქნა ჩაწერილი ეს და გავრცელებული. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ასეთი საშიში და მიუღებელი მქადაგებელი იცოდეს საზოგადოებამ, ეს მარტო ერთი ხომ არაა, ასეთი ბევრნი არიან", - აცხადებს დეკანოზი.
ამასთან, დეკანოზ ჭიღლაძეს მიაჩნია, რომ საპატრიარქომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გააკონტროლოს სასულიერო პირების გამონათქვამები.
დეკანოზმა თადეოზმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სჯობს "პარაზიტი ბავშვები" ადრე მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ, ვიდრე უმაქნისები გაიზარდონ. გარდა ამისა, დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებითაც გამოირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები






