დღეს, 2 საათზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმარება, სადაც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებ ფაქტორებზე უნდა იმსჯელონ.
უფლებადამცველები პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ, რასაც მსჯავრდებულებიც ეთანხმებიან. ადვოკატების განცხადებით, მათ არ მიეცათ თანაბარ პირობებში მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, რადგან დაცვის მხარის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა აპარატი იყო ჩართული:
"არ იყო შეჯიბრობითი და თანასწორი პროცესი, ამ საქმეში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული დაცვის მხარის წინააღმდეგ, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმვალობაში ჩვენ გვქონდა არაერთი სირთულე და უკანონობა, როგორიცაა პირველივე ეტაპზე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებებზე სათანადო დაშვების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელობა შეაფერხა დაცვის უფლების განხორციელება. ფაქტობრივად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც გამოდგება იმისთვის, რომ რაიმე ფორმით დანაშაულებრივობა დაამტკიცოს ამ ადამიანების, თუმცა ასეთი ბუნებაშიც ვერ იარსებებს, რადგან ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ", - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
"სასამართლოსგან ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, უდანაშაულო ადამიანები, დავიხსნათ უკანონო პატიმრობისგან", - აღნიშნა ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველმა გიორგი მახარაძემ.
"ოპოზიცია ითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და შეიძლება წავიდნენ ამ დათმობაზე, ამასაც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ყველაფერი თავიდანვე ვთქვით, რომ პოლიტიკურია, თორემ მათ არანაირი დანაშაული არ აქვთ", - განაცხადა მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. საგამოძებო უწყების მტკიცებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
მასალის გამოყენების პირობები






