მელია VS ხვიჩია - ერთობლივი განცხადებების მიღმა ვითარება კვლავ დაძაბულია ოპოზიციის ერთ ნაწილში. ალეკო ელისაშვილის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველაზე მეტად მიუღებელი პოზიცია აქვს "გირჩს",რომელსაც დღევანდელ ერთობლივ განცხადებაზე ხელი არ მოაწერინეს.
ყველას აინტერესებს ნიკა მელიას და იაგო ხვიჩიას სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომლის შემდეგაც ხვიჩიამ იარაღის ტარების უფლება მოითხოვა და საჯარო სივრციდან გაქრა.
განმარტებებს დღეს არც ერთი მათგანი აღარ აკეთებს, თუმცა შინაარსზე "გირჩის" წევრმა ვახტან მეგრელიშვილმა ისაუბრა - მისი თქმით, ნიკა მელია "გირჩის" წევრებს "ევროპული საქართველოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" მიმართ კრიტიკული განცხადებების შეწყვეტას სთხოვდა, სანაცვლოდ კი მათი იდეების ოპოზიციურ სპექტრში მხარდაჭერას ჰპირდებოდა, რაც არ შეასრულა.
"ნიკამ გვთხოვა, რომ რაღაცნაირად კონლიქტი შეგვეწყვიტა "ევროპულ საქართველოსთან" და "სტრატეგია აღმაშენებელთან" , რაც რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ. მაგრამ , ამავე დროს ჩვენი თხოვნა იყო მოლაპარაკებების პროცესში მხარი დაეჭირა. შესაბამისად, გუშინ დამირეკა ნიკამ - ეს იყო გაუგებრობა", - აცხადებს მეგრელიშვილი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იაგო ხვიჩიას მიმართ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამენ.
"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, განსხვავებული მოსაზრებების გამო კოლეგების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა.
"ეს ყველაფერი ნიკა მელიამ იუმორისტულ ჟანრში გაატარა, რაც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგია კარგი იუმორი" ,- აცხადებს იოსელიანი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მხრიდან იაგო ხვიჩიას მისამართით სავარაუდო მუქარას არ გამორიცხავენ პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
"ქართულ ოცნებაში" კი ნიკა მელიას მხრიდან შესაძლო მუქარით საქმის გადაწყვეტის ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" სტილს უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრამდე ერთი კვირა რჩება. რა ფორმატით გაგრძელდება "გირჩისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






