საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უარი თქვა ამერიკულ და ფრანგულ სამხედრო ვერტმფრენებზე, გადაწყვიტა ძველი რუსული Ми-6-ებისა და Ми-8–ების შეკეთება, რომელთა ძირითად ნაწილებსაც მხოლოდ რუსეთის ფედერაცია აწარმოებს. სწორედ ამიტომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა.
აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ „ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა:
„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის და ქვეყნისთის ვერტმფრენების თემა ძალიან მნიშვლეოვანია. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც იყო გაანალიზებული ის გამოწვევები და ის პრობლემები, რომლებიც გვაჩვენა ომმა. იყო მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები გაერთიანებული შტაბის მიერ.
უცხოელი ექსპერტების, ჩვენი სამხედროებისა და გენერლების პოზიცია დაემთხვა ერთმანეთს და საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო სწრაფი გადაადგილება სამხედრო ნაწილების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის პატარა, რელიეფი არის ისეთი, რომ სწრაფი გადაადგილება ვერტმფრენების გარეშე არის შეუძლებელი. ამის ერთ–ერთი მაგალითი, ლაფანყურში განვითარებული მოვლენები იყო.
2011 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ბარაკ ობამას, ვერტმფრენების თემა დადგა დღის წესრიგში და ის დაგვპირდა, რომ ამერიკა ვერტმფრენების საკითხში მაქსიმალურად დაგვეხმარებოდა. იგივე გაიმეორა ჰილარი კლინტონმაც, რომელიც 2012 წელს იყო ჩამოსული. სექტემბერშივე ვიყავი ჩასული შეერთებულ შტატებში როგორც თავდაცვის მინისტრი, ჩავატარე სხვადასხვა შეხვედრები და იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ობამა–სააკაშვილის შეთანხმების შესაბამისად, ამერიკა დაგვეხმარებოდა ვერტმფრენებით და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემებით. იყო შერჩეული ვერტმფრენების მოდელები, ეს იყო „Sikorsky“ და ეს იყო „ჩინუკი“. ორი ტიპის ვერტმფრენი, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მთაში, აქვთ შესაძლებლობა ძალიან სწრაფად გადაისროლონ შეიარაღებული ძალების ნაწილები. პარალელურად ჩვენ ასევე ვმუშაობდით ფრანგებთან, რომლებმაც გამოყვეს კრედიტი და დაიწყო „სუპერ პუმების“ მოწოდება“, – განაცხადა შაშკინმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, Ми-8 არის მუშა ვერტმფრენი, თუმცა, არა საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან რთული რელიეფი აქვს, რადგან მისი მოდიფიკაცია 2 ათას მეტრზე მეტი არ გახლავთ:
„ქართული ოცნება“ როცა მოვიდა ხელისუფლებაში, ამერიკელებთან შეთანხმება გაწყვიტეს. ჩვენ არ ვიხდიდით ფულს, ეს იყო ამერიკული მხარის დახმარება საქართველოს მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკელებს და ფრანგებს უთხრეს რომ მათი ვერტმფრენები არ გვჭირდება. ამერიკული ვერტმფრენები ჯერ ჩამოსული არც იყო, რაც შეეხება „სუპერ პუმებს“ თუ არ ვცდები, სამი იყო ჩამოსული, აქედან ერთი ლაფანყურის ტყეში გდია.
ამის სანაცვლოდ, 2013 წელს თქვეს, რომ გავარემონტებთ რუსულ ვერტმფრენებსო. 9 წელია ამ რუსულ ვერტმფრენებს არემონტებენ.
რუსული Ми-8, რომელზეც არის საუბარი, არის მეოცე საუკუნის, არის კარგი, მუშა ვერტმფრენი, რომელსაც ძალიან უჭირს მუშაობა საქართველოში, რადგან მისი მოდიფიკაციები ვერ არის 2 000 მეტრზე მეტი, ანუ მთაში უჭირს მუშაობა და არის მოძველებული, მიუხედავად ამისა, არის კარგი, იაფი ვერტმფრენი.
ამ კარგ, იაფ ვერტმფრენს აქვს ერთი ძალიან დიდი ნაკლი, რომელიც ყველაფერს ფარავს. ეს არის ფაქტი, რომ მხოლოდ რუსეთს აქვს შესაძლებლობა რომ გაარემონტოს ის. ვერტმფრენის ყველა ნაწილს აქვს მკაცრად რეგლამენტირებული დრო, თუ არის გათვლილი, რომ ამა თუ იმ ნაწილმა უნდა იმუშაოს პირობითად 10 საათი, ერთი წუთის გადაცილებითაც მფრინავი ვერ ჩაჯდება მასში“, – ამბობს დიმიტრი შაშკინი.
იგი ბულგარეთისა და უკრაინის შესაძლებლობებზეც საუბრობს თუ რამდენად შეძლებენ ეს ქვეყნები მეოცე საუკუნის რუსული ვერტმფრენების შეკეთებას, რომლებზეც „ქართული ოცნება“ ამყარებს იმედს:
„ამ ვერტმფრენების გარემონტება შეუძლია მხოლოდ რუსეთს, თუმცა არის კიდევ ორი ქვეყანა, რომლებსაც პოტენციურად შესაძლებლობა აქვთ, ეს არის ბულგარეთი, რომელმაც შეაგროვა ევროპაში ეს მიები, რომლებიც დარჩა ჯერკიდევ ვარშავის ბლოკისგან და აწარმოებს ეგრეთ წოდებულ კანიბალიზმს, ანუ შლიან ძველ ვერტმფრენებს და ძველი ნაწილებით არემონტებენ სხვა ვერტმფრენებს. ეს არის ძალიან ცუდი და შაშიში.
მეორე ქვეყანა არის უკრაინა, სადაც იყო ორი ქარხანა, ერთი არის ზაპოროჟიე და მეორე ლუგანსკი. ზაპოროჟიეში ახლაც არის, ლუგანსკი ოკუპირებულია. ზაპოროჟიეში არსებულ ქარხანას ახლაც შეუძლია წარმოება, მაგრამ არ შეუძლია ტრანსმისიის წარმოება და „მიების“ მთავარი პრობლემა ეს არის, მათ აწარმოებენ რუსული ქარხნები. რუსეთი ნაწილებს არ გაძლევს და „ქართულმა ოცნებამ“ კი განგვიცხადა, რომ ზაპოროჟიეს ქარხნის დახმარებით გაარემონტებენ ამ ვერტმფრენებს, ამ ქარხანას ამ ვერტმფრენების გარემონტების რესურსი არ აქვს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ან უნდა იშოვოს ძველი ნაწილები და ისე აღადგინოს, ან ეს იქნება კიდევ ერთი პროპანაცია. შეკეთებული ვერტმფრენი, მეორადი ნაწილებით არის ძალიან საშიში“, – აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, საქმე გვაქვს კორუფციულ სქემასთან და საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულის მოპარვასთან:
„ეს ორმაგად მტკივნეულია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამერიკულ ვერტმფრენებზე და „სუპერ პუმებზე“, ამის ნაცვლად ვაპირებთ რუსული ვერტმფრენების გარემონტებას. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული სქემა, ამ შეკეთებაზე თეთრდება ფული, ეს ყველაფერი კი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და მოსახლეობის ხარჯზე, რადგან ამ ფულს პარავენ ხალხს. ფრანგებს და ამერიკას ვერ მოპარვდნენ, სქემები, რომლითაც მათ არემონტებენ, ეს არის ნამდვილი კორუფცია“, – ამბობს შაშკინი.
მას რუსულ ვერტმფრენებთან მიმართებით აშშ–ის გადაწყვეტილების მაგალითი მოჰყავს:
„ამერიკის შეერთებული შტატები აპირებდა ავღანელებისთვის მიები შეესყიდა, რადგან იაფია, მათ უარი თქვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ნაწილები მხოლოდ რუსეთში იყიდება, ნებისმიერ დროს რუსეთმა შეიძლება თქვას, რომ არ გაძლევ ნაწილებსო, სწორედ ეს იყო მიზეზი რატომაც ვთქვით ჩვენც რუსულ ვერტმფრენებზე უარი თავის დროზე“, – დასძენს იგი.
მასალის გამოყენების პირობები






