"ევროპელი სოციალისტების" წევრი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.
ზილფამიანმა განაცხადა, რომ ეცდება, მმართველი გუნდის დეპუტატებიც დაარწმუნოს იმაში, რომ მანდატების გაუქმება დემოკრატიული არ იქნება.
მისივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არ იქნება დემოკრატიული, რადგან ხალხმა აირჩია ისინი.
"მთელი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი არის წინააღმდეგი ამის [ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის], ჩვენ ხმას მივცემთ ამის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, თუ მათთვის მანდატის გაუქმება უნდათ, ჩახსნიან, მაგრამ ჩვენ დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა მისცენ ხმა. მე არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების გარკვეული რაოდენობა ამაში დავარწმუნო და გადმოვიყვანო ჩვენ მხარეს.
ეს გადაწყვეტილება არ იქნება დემოკრატიული, ხალხმა აირჩია ისინი, მერე რა, რომ რაღაც მიზეზით თავად ამბობენ, პარლამენტში არ შევდივარო. მათგან ეს დესტრუქციული ქმედებაა. ხვალ შეიძლება, სანანებელი გაუხდეთ, დაარწმუნონ ჩვენმა მეგობრებმა - ამერიკელმა, ევროკავშირმა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და უკვე გვიანი იქნება. მომხრე ვართ საკითხის ჩაგდების, მე ამ შანსს ჩემს კოლეგებს [ოპოზიციას] დავუტოვებ", – განაცხადა ზილფიმიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკომიტეტო მოსმენა ხვალიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გუშინ, 25 იანვარ განაცხადა, რომ ბოლომდე გამოიყენებენ შესაძლებლობას, რათა ვადები მაქსიმალურად ამოიწუროს და ოპოზიციას საშუალება ჰქონდეს, თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.
მასალის გამოყენების პირობები






