“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, შეხვედრა შეხვედრისთვის ვერ იქნება და მეხუთე რაუნდი შედგება თუ არა, უმეტესად დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიან აზრზე.
“როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ სხვა რეალობაში ცხოვრობს. მთელი ცივილიზებული სამყარო იმ პოზიციაზე დგას, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს - შესრულდეს ის მოთხოვნა, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას 31 ოქტომბერს დაკვეთილი, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს და რაც ამომრჩეველმა შეგვიკეთა, ის უნდა შევასრულოთ. ოპოზიციის ნაწილი, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ 2 თებერვლამდე საკუთარ გადაწყვეტილებას კიდევ გადახედავს. განცხადებით იმას ადასტურებენ, რომ საკუთარ პოზიციაზე ჯიუტად დგანან, არ სურთ საპარლამენტო საქმიანობა, უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე, ეს მათ სისუსტეზე მეტყველებს...
ოპოზიციის განცხადება, რომ მოლაპარაკებას დავუბრუნდეთ, ეს არის გაღმა შემედავეს პრინციპი გამომდინარე იქიდან, რომ მათ ახალი არაფერი არ უთქვამთ არც საზოგადოებისთვის და არც საკუთარი ამომრჩევლისთვის. ყველა პირობა, გარდა აბსურდული მოთხოვნისა, რაც ვადამდელი არჩევნებია, არის მაგიდაზე დადებული, უკავშირდება რიგგარეშე აჩევნების დანიშვნას. ამას არავინ ოპოზიციაში არ ეთანხმება რამდენიმე პოლიტიკოსის გარდა. ისინი მიზეზებს ეძებენ, რომ საკუთარი პოზიცია გაამართლონ, თუმცა დარწმუნებული ვართ, არაფერი არ გამოუვათ. მჯერა, ბევრი მათგანი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც თავად, მათ ამომრჩეველს და ქვეყანას სჭირდება. მოლაპარაკებების კარი არის ღია იმ პირობებში, რაც იყო მეოთხე რაუნდის ბოლოს. მეხუთე რაუნდი შედგება თუ არა, ეს უმეტესად დამოკიდებულია ოპოზიციის ერთიან აზრზე. ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, მათ საერთო აზრი არ გააჩნიათ. შეხვედრა ასევე დამოკიდებულია იმ პირობებზე, დათანხმდებიან თუ არა იმას, პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა და კანონებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე ერთად მუშაობა დავიწყოთ ”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას" მიმართეს, “დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა”.
მასალის გამოყენების პირობები






