ოპოზიციური წარმომადგენლის სახელით პარლამენტში შესული, "ევროპელი სოციალისტების" ლიდერის დავით ზილფიმიანის განცხადებით, რეგლამენტი მის სასარგებლოდ შეიცვალა. მისი განმარტებით, პარლამენტში განათლების ან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა, თუმცა რეგლამენტი ამის საშუალებას არ იძლეოდა:
"მე ორ კომიტეტზე განვაცხადე, ერთი მეცნიერება და განათლებაა ჩემი წარსულიდან გამომდინარე, მეორეც ისევ ჩემი ურთიერთობებიდან გამომდინარე უცხოეთთან, გადავწყვიტე საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმეღო მონაწილეობა და მოკლედ, ერთ-ერთგან მოადგილის ვაკანსია უნდა დამეკავებინა. მითხრეს, რომ რეგლამენტი არ იძლეოდა ამის საშუალებას", - განაცხადა ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტარებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატები წარადგინონ. ამასთან, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






