აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ის ფანგანის წინააღმდეგ ჩივილს არ აპირებს. როგორც ჩავლეიშვილი ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი სააკაშვილის წაქეზებულია:
"მე არანაირი პრეტენზია არ მქონდა მის მიმართ გარდა იმისა, რომ არაადამიანურად მოიქცა. დანარჩენი, სამართლებრივად მისთვის არ მიჩივლია და არც ვაპირებ. უბრალოდ, თავად გაავრცელეს ეს კადრები და პოლიციამ მისცა სამართლებრივი შეფასება. ციხეში კარგს ვერაფერს ისწავლის, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება, ზრდილობა ოჯახში ისწავლება. სამწუხაროდ, მშობლებმა ხელი მიაკლეს ეტყობა.
ეტყობა წააქეზეს ეს აქტივისტი. როგორც გამოჩნდა მთავარი წამქეზებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია იმიტომ, რომ გააშეარა და მოუწონა ეს საქციელი. არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერაა წაქეზებული, ვინც ამ ქმედებას ამართლებს", - განაცხადა ჩავლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი დააკავა, რომელმაც "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, რადგან ამ უკანასკნელმა ბოიკოტის რეჟიმზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები






