დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები დღეს აუდიო-ვიდეო მასალებს გაეცნობიან, ამის შემდეგ გაირკვევა, კონკრეტულად ვინ ფიგურირებს გახმაურებულ საქმეში და რა გეგმა აქვს პროკურატურას. დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე ვარაუდობს, რომ ჩანაწერები, შესაძლოა, დამონტაჟებული იყოს, რადგან საქმეს პოლიტიკური მოტივი მისდევს ფონად:
"თუ ნორმალური ჩანაწერია იქ ცუდი არაფერი უნდა იყოს და თუ იმედი იკადრეს, რომ რაღაც დაამონტაჟეს და რაღაც შეთითხნეს კიდევ მაგის მხრივაც, უკვე იმდენი უსამართლობა ვნახე იმ სასამართლოში, რომ არც ეგ გამიკვირდება. არც კომისიის დარდი აქვთ მაგათ და ესენიც საჩვენებლად დაიჭირეს, მთავარია, რომ ზემდგომ ვიღაცეებზე უნდათ მიწვდენა და ვისზე ახლა ვნახავთ ამ აუდიო ჩანაწერებით და გავიგებთ ვინ ჰყავთ მიზანში", - განაცხადა თამარ სულაძემ.
"დღეს გადმოგვეცემა პროკურატურის მიერ სრული მტკიცებულებები რაც კი მოიპოვება საქმეში, მათ შორის გადმოგვეცემა ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დაოკუმენტაცია. ეს ორი ადამიანი გამოიყენეს თავიანთი მიზნებისათვის, რომ სწორედ კონკრეტულ პირებამდე თუ პირამდე მივიდნენ მათი მეშვეობით, რაც უფრო მეტად გავეცნობით საქმის მასალებს უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ არანაირი დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება", - აღნიშნა უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაუზუსტა. უწყების განმარტებით, არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ყველაფერია აღწერილი.
აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






