აუტანელი პირობების გამო 20-მდე კლინიკამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართა - კლინიკები ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ და სურთ, რომ გაუზიარონ სამოქმედო გეგმა.
მიზეზი სამედიცინო სექტორის მძიმე ეკონომიკური კრიზისია - მათი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაძვირდა სამედიცინო ტექნიკაც და მასალებიც. გარდა ამისა, მსოფლიოში შეიქმნა დეფიციტი სამედიცინო სახარჯ მასალებზე.
კლინიკების ხელმძღვანელები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მძიმე ეკონომიკურ შედეგებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ გაჭირდა ხელფასების გაცემა, ხოლო ტრანსპორტის აკრძალვის გამო, პერსონალის სამსახურში ტრანსპორტირება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კლინიკებისთვის დამატებითი ხარჯი გახდა.
სამედიცინო დაწესებულებების ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა გაზრდილმა კომუნალურმა გადასახადებმაც.
"იმისათვის, რომ სამედიცინო სექტორმა გაუძლოს ამ ვითარებას და არ მოხდეს მისი სრული კოლაფსი, მოგმართავთ თხოვნით უახლოეს დღეებში მოხდეს შეხვედრა, სადაც ჩვენ ჩვენის მხრივ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვებს თუ როგორ შეიძლება იქნას არიდებული თავიდან ის უმძიმესი მდგომარეობა და მისგან გამოწვეული ზიანები რომელიც უკვე გარდაუვალი ხდება.
ფასების მატებასთან ერთად, პანდემიის დაწყებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაახლოებით 3 თვის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებებში მომართვიანობა კატასტროფულად იყო შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავალი თუმცა არ შეწყვეტილა თანამშრომელთა ანაზღაურების გაცემა. ნოემბრიდან გეგმიური ქირურგიული ჩარევების დაფინანსების შეჩერებამ დამატებით გამოიწვია შემოსავლების კლება, რამაც კიდევ უფრო გაართულა კლინიკების მიერ მომწოდებლების დავალიანებების გასტუმრება, სახარჯი მასალის შეძენა და ადექვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა.
გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა თვეში ათეულობით ათას ლარს ხარჯავს პერსონალის კლინიკებში ტრანსპორტირებაზე.
რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ახალი წლიდან კომუნალური გადასახადები ძვირდება (მათ შრის ელექტროენერგიის ტარიფი გაორმაგდა), რაც დამატებით უმძიმეს ტვირთად აწვება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დარგს. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, სამედიცინო დაწესებულებების შემოსავლების მნიშვნელოვნად კლების მიუხედავად, აღნიშნული სექტორი 24 საათის განმავლობაში, სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას, რათა ზემოხსენებული გამოწვევის პირობებში მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირების გამო კი, კომუნალური გადასახადები, ტარიფის გაზრდამდეც, სოლიდურ ოდენობას წარმოადგენდა, ხოლო ტარიფის ცვლილების შემდგომ, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ მოცულობის ხარჯებთან გამკლავება.
ზემოთ ნახსენები პრობლემების ერთობლიობის გათვალისწინებით, სამედიცინო სექტორი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია", - ნათქვამია ტიკარაძისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც bm.ge ავრცელებს.
წერილს ხელს აწერენ : "ევექსი ჰოსპიტლები", "ნიუ ჰოსპიტალსი", "მედალფა" და "ჯეოჰოსპიტალსი", „გორმედი სამედიცინო ცენტრი“, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“, „კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ „სს ავერსის კლინიკა და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






