თბილისის ზოოპარკი მოქალაქეებს სთხოვს, რომ საახალწლო ჩიჩილაკები ან ბუნებრივი ნაძვის ხეები, რომლებიც აღარ სჭირდებათ ცხოველების გასართობად ზოოპარკს გადასცენ. მსგავსი თხოვნით ადმინისტრაციამ მოქალაქეებს წინა წლებშიც მიმართა და ნაჩუქარი ჩიჩილაკებით და ნაძვის ხეებით ცხოველები ძალიან გაერთნენ, განსაკუთრებით კი დათვები.
"თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა - ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.
ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში", - წერს ზოოპარკი.


მასალის გამოყენების პირობები






