გიორგი გაბუნიამ სეზონის პირველ გადაცემაში, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ ისაუბრა.
„ერთ დღეს შეამჩნია მამაჩემს ისეთი სახე არ ჰქონდა და მითხრა ყურადღება მიაქციეო. საბოლოოდ მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, ძლივს გადავარჩინეთ და კლინიკაში დავტოვეთ. დედას არ ვეუბნებოდით მამას რა სჭირდა. როდესაც მან დააფიქსირა, რომ მისი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა.
ბოლო წლებში მას მამაჩემი და ჩემი და უვლიდნენ.
მას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვუფრთხილდებოდით და არავისთან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.
ამას არ ვამბობდით მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ის ამას უკვე ვეღარც გაიგებდა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, ვეღარ გვცნობდა უბრალოდ. ვისაც ეს გამოცდილი აქვს იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა პირველად აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს. ნელნელა დაავიწყდა კიდეც ვინ ვიყავით. ერთადერთი ვისაც ბოლომდე ეძახდა მამაჩემი იყო, მაგრამ სულ ბოლოს ესეც წაეშალა მეხსიერებიდან. იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახალი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით. დაწყებამდე მამაჩემს დავურეკე და ტირილით მიპასუხა, ველაპარაკები და რეაქცია არ აქვს ჩემზეო. მე მამა დავამშვიდე, რადგან რამდენიმე დღე გრძელდებოდა ეს მდგომარეობა. სულ ვამოწმებდი მდგომარეობას მთელი დღის მანძილზე.
გადაცემის ჩაწერა გვიანობამდე გაგრძელდა, მეც და ჩემი ძმაც ბოლომდე იქ ვიყავით. სახეზე გვეტყობოდა კიდეც რაღაც რომ გვჭირდა. დაახლოებით 1 საათზე გამოვედით სამსახურიდან, მამას დავურეკე მოვდივართ-მეთქი. კომენდანტის საათის გამო, გზები ცარიელი იყო. 15 წუთში მივედი, მაგრამ მე დედას ცოცხალს ვეღარ მივუსწარი. სახლში რომ შევედი, მამაჩემი დედასთან მივიდა, თმაზე მოეფერა და უთხრა, აი, გიორგი მოვიდაო. რეაქცია არ ჰქონდა. ხმამაღლა ტირილი დაიწყო მამაჩემმა. თავზე ეფერებოდა და ამბობდა: ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი“, – ამბობს გაბუნია მონოლოგში.
მასალის გამოყენების პირობები






